ბატონო პრეზიდენტო! ქალბატონებო და ბატონებო! ქართულ სინამდვილეში, საქართველოს ბედუკუღმართ ისტორიაში არიან ლეგენდარული გმირები, რომელთა სახელ-დიდებას არც გაზვიადება სჭირდება და არც დაკნინება უხერხდება… გაივლიან ხოლმე ეს ადამიანები ეპოქალურ ქარტეხილებს და მათი ვარსკვლავები ხელმიუწვდომელ სიმაღლეზე ბრწყინდებიან.
ერთი ასეთი მანათობელი ვარსკვლავია ჩვენთვის დიდი ექვთიმე თაყაიშვილი, კაცი მეცნიერი და კაცი გმირი, რომელიც თავისი მოწამებრივი ცხოვრებით მეოცე საუკუნიდან ოცდამეერთე და სხვა მომდევნო საუკუნეებშიც ასწავლის თავის უმაღლეს ზნეობას მომავალ ქართველობას, მომავალ თაობებს…
მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მაქვს მიღებული აქ, ამ უკვდავთა პანთეონში, სამუდამო განსასვენებლად კონკრეტული ადგილის შერჩევაშიც, სწორედ ილია ჭავჭავაძის და ოლღა გურამიშვილის გვერდით…
გაკვირვებული ვარ ჩვენივე გადაწყვეტილებით… შეიძლება ვითომ შემთხვევითი იყოს ჩვენი გადაწყვეტილება ან იქნებ ღვთის სასწაულთან გვაქვს საქმე?! ცნობილია, რომ 1895 წელს, თბილისში, სამების ტაძარში ჯვრისწერისას ექვთიმე თაყაიშვილსა და ნინო პოლტორაცკაიას, რომლის ნეშტიც ჩვენ თან ჩავაყოლეთ ექვთიმეს ნეშტს, მეჯვარეებად ახლდნენ და ახალშეუღლებულთ საკუთარი ხელით ჯვრები შეუცვალეს ილია წინამძღვრიშვილმა და ოლღა გურამიშვილმა, ხოლო ილია ჭავჭავაძემ პარიზიდან ძვირფასი საჩუქარი გამოუგზავნა ახალშეუღლებულთ… გადის ლამის საუკუნე და დიდი ექვთიმე თაყაიშვილი და ნინო პოლტორაცკაია თავიანთი დიდი მეგობრების ილია ჭავჭავაძის და ოლღა გურამიშვილის გვერდით იკავებენ სამუდამო განსასვენებელს…
დიდება თქვენს ღვაწლს, სულმნათნო! თქვენზე ითქმის ეს უკანასკნელი ძნელად გასამეტებელი სიტყვა! სამუდამო ნათელი თქვენს სახელს.
2002 წელი,
26 მაისი
No comments:
Post a Comment