1889 წლის 2 ივლისს გაზეთი „ივერია“ წერდა: „მცხეთის ახლოს ერთს ბერძენს, რომელსაც ნება აქვს აღებული მადნები იძიონ ამიერკავკასიაში, უპოვია ერთი ადგილი, საცა აღმოჩენილია აგურის ტოლა მარმარილოს ქვები და ერთი ოთხკუთხიანი კლდის ქვა, ეს ქვა იმითაა შესანიშნავი, რომ ზედ ამოჭრილია გამოუცდელის ხელით კაცი და ერთი პირი სულ რაღაც ასოებით არის აჭრელებული“. გაზეთი ქართულ საზოგადოებას მოუწოდებდა გამოეკვლიათ ეს ტერიტორია.
ილია ჭავჭავაძე თითქმის ყველა ეროვნული საქმის წამომწყები და მოთავე იყო. ყველგან გარს იკრებდა ღირსეულ თანამემამულეებს. სწორედ მას მიაშურა ბერძენმა ამ აღმოჩენის შემდეგ. „ილია სულ იმას ამბობდა, რომ უნდა გვყავდეს ერთი კაცი, რომელიც ჩვენს ისტორიასა და არქეოლოგიაზე იმუშავებს. მას სხვა საქმე არ უნდა ჰქონდეს. სირცხვილია ჩვენთვის, რომ ამისთანა კაცი არა გვყავსო“, _ შენიშნავს ექვთიმე თაყაიშვილი თავის მოგონებებში.
ამ პუბლიკაციამდე ოთხი თვით ადრე, 1889 წლის 17 თებერვალს, დიმიტრი ბაქრაძემ და ექვთიმე თაყაიშვილმა პირველი ექსპედიცია მოაწყვეს მცხეთაში. ჩამოიტანეს ძველი საეკლესიო წიგნები, რომელთა ბაზაზე ბაქრაძემ დააარსა „ტფილისის საეკლესიო სიძველეთა საცავი“. საცავის არქეოლოგიური განყოფილების გამგედ თაყაიშვილი აირჩიეს. შემთხვევითი არ არის, რომ ილიას გაზეთის მოწოდებას სწორედ ბაქრაძე გამოეხმაურა, რომლის სახელზეც გაიცა გათხრების საწარმოებლად ნებართვა მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოებიდან. „ბაქრაძეს ნება ჰქონდა საარქეოლოგიო კომისიიდან გათხრები მოეხდინა, მაგრამ ამ მუშაობაზე უარი თქვა: „არ მცალია და მაგისთვის მცხეთაში ვერ წავალო, მეტადრე, ფული სრულად საკმარისი არ არის გათხრებისთვისო“, _ წერს თაყაიშვილი. 1 აგვისტოდან 9 სექტემბრამდე პროფესორ კონდაკოვთან ერთად დ. ბაქრაძე დასავლეთ საქართველოს ეკლესია-მონასტრებისა და სხვა ძეგლების აღსაწერად ექსპედიციისთვის ემზადებოდა, ამიტომ მცხეთის ექსპედიციის ზედამხედველობა ექვთიმესთვის დაუვალებია.
პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 1887 წელს სამშობლოში დაბრუნებული 24 წლის ახალგაზრდა ექვთიმე, სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში ასწავლიდა და აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. მოგონებებში იგი დაწვრილებით აგვიწერს მცხეთის (ბაგინეთის) გათხრებს, რომელსაც ილია ჭავჭავაძისა და ქართული საზოგადოების დიდი ინტერესი გამოუწვევია. თუმცა კი უსახსრობის გამო მხოლოდ ორი კვირა გაგრძელებულა.
მოგონებებიდან ირკვევა, რომ გიმნაზიის გაკვეთილების გამო ექვთიმეს არ შეეძლო მცხეთაში ხანგრძლივად ყოფნა, ამიტომ გათხრების ხელმძღვანელად დავით ქუთათელაძე მიუწვევია: „დათიკო ქუთათელაძემ იმ ხანად დაასრულა მათემატიკის ფაკულტეტი პეტერბურგის უნივერსიტეტში და თბილისში იყო ჩამოსული; ის ჩემი პეტერბურგიდან წამოსვლის შემდეგ ნიკო მართან ცხოვრობდა, მას უვლიდა და ეხმარებოდა ყოველგვარ საქმეში, მაშინ ნიკო მარი მეთორმეტე საუკუნის ქართულ ოდებს („აბდულმესიას“ და „თამარიანს“) ამზადებდა გამოსაცემად და ქუთათელაძეც ხელს უწყობდა. მან, ნიკო მარის ჩიჩინით, სულ ზეპირად იცოდა ეს ოდები და დიდი სურვილი ჰქონდა ძველ ქართულ ლიტერატურაში ემუშავა, თუ კი ცოტა სარჩოსაც იშოვიდა თბილისში. ქართველებისთვის თბილისში რაიმე სახელმწიფო სამსახურის მიღება შეუძლებელი იყო, პირველ ხანებში მას გადავეცი კერძო გაკვეთილები, რომლებიც მე მქონდა სხვადასხვა ოჯახებში, და ამით ცხოვრობდა ერთ ხანს. დ. ქუთათელაძე მაშინვე დათანხმდა მცხეთაში წასულიყო და გათხრა ეწარმოებინა. დათიკო ქუთათელაძემ დაიქირავა ორი კაცი და ილიასთან მისული ბერძნის თანხლებით დაიწყო მუშაობა. მცხეთაში მე მივდიოდი საღამოობით, ორ დღეში ერთხელ და თვალყურს ვადევნებდი გათხრებს. დ. ქუთათელაძე ბროსეს მიხედვით „რაპორტებს“ მაწვდიდა, თუ რა დღეს რა გაკეთდა. მუშაობამ ორ კვირაზე მეტი გასტანა და როდესაც ფული დაილია, გათხრაც შევწყვიტეთ“.
ილია ჭავჭავაძის, დიმიტრი ბაქრაძისა და, გარკვეულწილად, მცხეთის ამ გათხრების დამსახურება იყო, რომ ექვთიმე თაყაიშვილი გახდა ერთადერთი ქართველი არქეოლოგი, რომელიც, 1917 წლამდე, არქეოლოგიური კომისიის ნებართვით გათხრებს აწარმოებდა საქართველოში. ეს გათხრები კი 1943-48 წლებში ისტორიის ინსტიტუტის ექსპედიციამ გააგრძელა.
ილია ჭავჭავაძის შორსმჭვრეტელობას უნდა მივაწეროთ ის ფაქტიც, რომ საქართველოს ისტორიისთვის გულშემატკივარი ბერძენის გვარი არ დაუკარგა შთამომავლობას. აი, რას წერდა 1889 წლის 8 ოქტომბრის „ივერია“: „იმ კვიპროსელ ბერძენს ოსიფოვს, რომელმაც მცხეთის ახლოს მიწაში იპოვნა შენობა, რომლიდანაც მარმარილოსი და სპილენძის ნაჭრები ამოდის, კიდევ უპოვნია სხვადასხვა საქართველოს კუთხეში ორიოდე შესანიშნავი ალაგი, სადაც იმედი აქვს, რომ ბევრი რამ საინტერესო აღმოჩნდება“...
1889 წლის აგვისტო-სექტემბრის ექსპედიციის დროს დასავლეთ საქართველოში დიმიტრი ბაქრაძეს მდინარეში ეტლი გადაუბრუნდა, გაცივდა და 1890 წლის 10 თებერვალს ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მერე ექ. თაყაიშვილს დაევალა 1894 წელს ნიკო მარის მიერ სოფელ ვარნავში დაწყებული გათხრების დამთავრება, სადაც ბრინჯაოს ხანის სამარხები აღმოჩნდა. მისივე დამსახურება იყო ახალგორის უნიკალური განძის შეკრება და მუზეუმში დაბინავება.
1907 წელს ექვთიმეს ინიციატივით დაარსდა „საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება“. ექვთიმეს თავმჯდომარეობით საზოგადოება ეწეოდა საგამომცემლო საქმიანობას. დაიბეჭდა ორი სერია: „ძველი საქართველო“ და „საქართველოს სიძველენი“. აწყობდა გამოფენებს, ექსკურსიებს, ლექციებს, რომლებშიც ჩაბმული იყვნენ ცნობილი მოღვაწეები: ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, პავლე ინგოროყვა, მოსე ჯანაშვილი, დავით კარიჭაშვილი, აკაკი შანიძე და სხვები.
თაყაიშვილი დაუღალავად მოგზაურობდა გურიაში, კახეთში, რაჭაში, ლეჩხუმ-სვანეთში და მთელ საქართველოში. აგროვებდა ძველ ხელნაწერებს, წიგნებს, აღწერდა არქიტექტურულ ძეგლებს, იღებდა წარწერათა პირებს: „ზოგს უკვირდა, ისე ინტენსიურად რომ ვმუშაობდი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების, საეკლესიო ნივთებისა და ხელნაწერების შესწავლაზე და მეკითხებოდნენ ხოლმე, პეტერბურგში დასპეციალდი მაგ საკითხებზეო? სრულიადაც არა! იქ მე პედაგოგად ვემზადებოდი, ხელოვნებისა და სხვა ძეგლებს კი მის მერე მოვკიდე ხელი, როდესაც დავაკვირდი, რომ ისინი ნელ-ნელა ხელიდან გვეცლებოდნენ და შემნახველი კი აღარავინ ჩანდა დ.ბაქრაძის უდროო გარდაცვალების შემდეგ. პირველად სწორედ დ. ბაქრაძემ გამრია ამ საქმეში, თანამშრომელი გამხადა და გეზიც მომცა. მერე ჩავუჯექი სათანადო ლიტერატურას, შევისწავლე კვლევის ხერხები და ასე გავიწაფე. ერთი ძმა მყავდა, ოზურგეთში ცხოვრობდა და იშვიათად ვხედავდი. ერთხელ დეპეშა მომცა, ავად ვარო, მაგრამ ვერც მაშინ წავედი ჩემი მუდმივი მოუცლელობის გამო, ოღონდ წამლები მივაშველე და ზომები მივიღე, რომ კარგ ექიმებს ემკურნალათ მისთვის. ნამეტანი ნაწყენი დამრჩა. მერე რომ შევხვდი მითხრა: „სულელი ვარ, ჩემი ავადმყოფობა კი არ უნდა მეცნობებინა, არამედ უნდა მომეწერა დეპეშა „ნაპოვნია არქეოლოგიური ფირფიტა“ და ვნახავდი კისრისტეხით თუ არ ჩამოირბენდი ოზურგეთშიო“.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სამხრეთ საქართველოს, ე.წ. „თურქეთის საქართველოს“ შესწავლას. 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად რუსეთმა მიიღო ყარსის და ბათუმის ოლქი. ყარსის ოლქის 4 რაიონიდან 2 ქართული იყო - არდაგანი და ოლთისი. ამ რაიონების სიძველეთა შესასწავლად მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განყოფილების ხელმძღვანელის გრაფინია პრასკოვია უვაროვას დავალებითა და თანადგომით მოაწყო თავისი მნიშვნელობითა და შედეგებით უნიკალური 3 ექსპედიცია. 1902 წელს ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად ექსპედიციაში მონაწილეობდნენ არქიტექტორი კლდიაშვილი და ფოტოგრაფი მამუჩაშვილი. მიზანი იყო არდაგანის, ჩილდირისა და ოლთისის ოლქიდან ბანასა და მისი შემოგარენის შესწავლა. 1907 წლის ექსპედიციაში მას ახლდნენ არქიტექტორი კალგინი და ფოტოგრაფი ლიოზნოვი. უნდა გამოეკვლიათ კოლა-ოლთისის ძეგლები და ჩანგლის ეკლესია. 1917 წლის ექსპედიციაში - არქიტექტორი კალგინი, მხატვრები: შევარდნაძე, ზდანევიჩი, გუდიაშვილი, მიხეილ ჭიაურელი. მართალია, ფოტოგრაფი არ ჰყავდათ, მაგრამ მხატვრებმა უამრავი ნახაზი, გეგმა, მულაჟი შეადგინეს.
ამ ექსპედიციების შედეგად დიდძალი მასალა დაგროვდა, რომლის საფუძველზე 1920 წელს „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ“ მოაწყო დიდი გამოფენა სამხედრო გალერეაში, რომელმაც საზოგადოებაზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით, მას მთელი ეს მასალა გამოსაცემად მოუმზადებია და კლიშეებიც დაუმზადებია, მაგრამ მისმა იძულებითმა ემიგრაციამ ეს საქმე ჩაშალა. ამ კლიშეებით უნივერსიტეტს 1924 წელს ალბომი გამოუცია, რომლის განხილვისას თაყაიშვილი მიუთითებდა დაშვებულ შეცდომებზე.
ექვთიმეს არც ემიგრაციაში შეუწყვეტია მუშაობა. მისი ინიციატივით პარიზში 1937 წელს დაარსდა „ქართული საარქეოლოგიო და საკულტურო მასალების გამოცემის ფონდი“ ექსპედიციების ანგარიშების 6 წიგნად გამოსაცემად. ინიციატივას აქტიურად გამოეხმაურა მთელი ემიგრაცია. შეწირულობებს სპეციალურად შექმნილი ქართული კომიტეტი აგროვებდა. „დამოუკიდებელი საქართველო“ რეგულარულად ბეჭდავდა თაყაიშვილის დაწვრილებით ანგარიშებს ფონდის შემოსავლების შესახებ. წიგნების გამოცემა ვიკტორ ნოზაძემ იკისრა. იგი მარტო გამომცემლის შრომას არ დასჯერდა და 14 სექტემბერს „მიუზე სოსიალის“ დარბაზში ფონდის სასარგებლოდ წაიკითხა მოხსენება „ქართველი ერის შექმნისათვის“. 1937 წელს შეგროვილი თანხით გამოიცა მონუმენტური, 440-გვერდიანი ნაშრომი - „არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს“. 1938 წელს გამოცხადდა სახსრების შეგროვება II წიგნისათვის და დაიბეჭდა ანგარიშები. 1938 წლის ბოლოს გამოიცა „არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს“ და დაიწყო მზადება III წიგნის გამოსაცემად „არქეოლოგიური ექსპედიცია სამუსულმანო საქართველოში, ტაო-თორთუმ-ისპირში 1917 წელს“, რაც ვეღარ მოესწრო მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო. ეს ორი ფუნდამენტური გამოკვლევა კი დღემდე რჩება საუკეთესო გამოცემად მრავალი აწ უკვე განადგურებული თუ დასაღუპად განწირული ძეგლის შესასწავლად...
რუსუდან დაუშვილი
No comments:
Post a Comment